ქართ
eng

საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია

უფრო ახლოს ბუნებასთან

წესდება

ზოგადი დებულებები 

1.1.“საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია“ (შემდგომში - ასოციაცია) წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად შექმნილ წევრობაზე დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს. 
1.2. ააიპ „საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია“ რეგისტრირებულია 2012 წლის 16 მაისს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ. 
1.3. ასოციაციას უფლება აქვს დადოს გარიგებები, იკისროს ვალდებულებები, იყოს მოსარჩელე ან/და მოპასუხე მხარე სასამართლოში. 
1.4. ასოციაცია ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, მოქმედი კანონმდებლობით და საერთაშორისო რეგულაციებით მის საქმიანობის სფეროში. 
1.5. ასოციაციას უფლება აქვს დაიცვას და წარადგინოს მისი წევრების ინტერესები სახელმწიფო, საზოგადოებრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში. 
1.6. ასოციაცია შექმნილია განუსაზღვრელი ვადით. 
1.5. იურიდიული მისამართი: თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, ვარკეთილი 3, III"ა" მ/რ, კორ. №324, ბინა №62 
1.6. ასოციაციის ელექტრონული ფოსტა: info@ecotourism.ge ecotourismgeo@gmail.com 

ასოციაციის ძირითადი პრინციპები 

1. ქველმოქმედება და საზოგადოებრივი სარგებელი. 
ასოაციაციის ნებისმიერი სახის საქმიანობა მიმართულია საზოგადოებისთვის სარგებლის მოტანისკენ. ასოციაციის ყველა სახის ფინანსური და მატერიალური რესურსი მოხმარდება წესდებით განსაზღვრულ მიზნებს. 
2. უფლებამოსილებების გადანაწილება. უფლებამოსილებების დასაბალანსებლად, ასოციაციაში შექმნილ მართვის უმაღლეს ორგანოებსა და აღმასრულებელ საბჭოს შორის გადანაწილებულია პასუხისმგებლობა მართვის, განხორციელების და კონტროლის საკითხებში. 
3. გამჭვირვალობა. მაქსიმალური გამჭვირვალობის მისაღწევად ასოციაციის მმართველი ორგანოები აწვდიან ინფორმაციას ასოციაციის ყველა წევრს და ასევე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მოთხოვნის საფუძველზე. 
4. ინტერესთა დაცვა. ასოციაციის მმართველი ორგანოები უზრუნველყოფენ ასოციაციის წევრების, მოხასილეების და თანამშრომლების, ასევე შემომწირველებისა და დამფინანსებლების ინტერესთა და უფლებათა დაცვას, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და ორგანიზაციის წესდებას. 

ასოციაციის საქმიანობა და მიზნები 

1. ასოციაციის ძირითად მიზანს წარმოადგენს ადგილობრივ თემებში ეკოლოგიური ტურიზმის პროდუქტის განვითარების და მოსახლეობის თვითაქტივობის ზრდის გზით მათივე სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და გარემოს დაცვა. 
2. ასოციაციის მიზანს წარმოადგენს ეკოლოგიური ტურიზმის ლობირება სახელმწიფო დონეზე და საზოგადოებაში. 
3. ასოციაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: 
3.1. ეკოლოგიური ტურიზმის, როგორც გარემოსთვის უსაფრთხო ტურიზმის მიმართულების პოპულარიზაცია და დანერგვა. 
3.2. მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელშემწყობი კანონმდებლობის ლობირება. 
3.3. ადგილობრივი თემების ჩართვა გარემოს ბიოლოგიური თუ კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში. 
3.4. ადგილობრივი თემების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით გარემოსა და კულტურული მემკვიდროების დაცვაზე ორიენტირებული ეკოტურისტული პროდუქტის შექმნის ხელშეწყობა. 
3.5. საქართველოს ეკოტურისტული პოტენციალის კვლევა, რესურსების აღრიცხვა და ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე პოპულარიზაცია. 
3.6. რეგიონალური ტრანსსასაზღვრო ეკოტურისტული ქსელის განვითარება. 
3.7. ეკოლოგიური ტურიზმის მიმართულებით სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება. 
3.8. საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი თემებისათვის მდგრადი ტურიზმის მიმართულებით მუდმივი საკონსულტაციო მხარდაჭერა. 
3.9. ეკოტურიზმის სტანდარტების დანერგვა. 
3.10. საქართველოში დაცული ტერიტორიების ქსელის განვითარების ხელშეწყობა. 
3.11. სოფლის მოსახლეობის აგრომეურნეობების მდგრადი განვითარების ხელშეწყობა აგრო და ეკოტურიმზის განვითარების გზით. 

ასოციაციის ფინანსური წყარო 

1. არსებობისთვის საჭირო სახსრები ასოციაციას შეუძლია მიიღოს: მოხალისეთა მუშაობით, შემოწირულობებით, ეროვნული და საერთაშორისო ტენდერებითა და გრანტებით, სოციალური საწარმოს შემოსავლებით, საწევრო გადასახადით, ეკონომიკური საქმიანობით. 
2. საწევროს გადასახადი განსხვავებული მოცულობით მიიღება წელიწადში ერთხელ. ასოციაციაში დარეგისტრიტებული ახალი წევრი 1 წლის განმავლობაში გათავისუფლებულია საწევრო გადასახადისგან. 

ასოციაციის წევრობა (მიღება, გაუქმება და გარიცხვა) 

1. ასოციაციის წევრობა შეუძლია ყველა ზრდასრულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც იზიარებს ასოციაციის პრინციპებსა და მიზნებს. 
2. ასოციაციის წევრს უფლება აქვს: თანასწორი უფლებებით მონაწილეობდეს ასოციაციის წევრთა საერთო კრების მუშაობაში; არჩეულ იქნეს ასოციაციის მართვის ორგანოებში არსებულ ნებისმიერ თანამდებობაზე, აგრეთვე ხელშეკრულების საფუძველზე იმუშაოს ასოციაციაში; მიიღოს ასოციაციის პროგრამით გათვალისწინებული უფასო მომსახურება და პუბლიკაციები, ასევე მონაწილეობა მიიღოს ასოციაციის მიერ მოწყობილ ყველა საერთო ღონისძიებაში; 
3. ასოციაციის წევრად მიღება ხდება წერილობითი მომართვის საფუძველზე, მომართვიდან გამგეობის უახლოეს სხდომაზე, გამგეობის გადაწყვეტილებით. 
4. წევრობიდან გასვლა, გარიცხვა და წევრობის შეჩერება ხდება გამგეობის გადაწყვეტილებით. 
5. წევრობის შეჩერება ხდება: წერილობითი ახსნა-განმარტების საფუძველზე, რომელიც წარდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 4 კვირით ადრე საწევრო წლის დასრულებამდე; გარდაცვალების შემთხვევაში; იურიდიული პირის ლიკვიდაციის შემთხვევაში; თუ წევრის საქმიანობა ეწინააღმდეგება ასოციაციის მიზნებს, ზიანს აყენებს მის ღირსებასა და ავტორიტეტს, ან უხეშად არღვევს ასოციაციის მიერ ლობირებულ სტანდარტებს. 
6. ასოციაციის წევრი ვალდებულია: 
6.1. გადაიხადოს საწევრო გადასახადი გამგეობის მიერ დადგენილი ოდენობით და მის მიერ განსაზღვრულ ვადებში. 
6.2. ოთხ წელიწადში ერთხელ დაესწროს წევრთა კრებას. 
6.3. დაექვემდებაროს წევრთა კრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. 

ასოციაციის წევრთა კრება: 

1. ასოციაციის წევრთა საერთო კრება წარმოადგენს ასოციაციის უმაღლეს მმართველ ორგანოს. 
2. საერთო კრება იმართება ოთხ წელიწადში ერთხელ. იგი ასევე შეიძლება იყოს მოწვეული ასოციაციის წევრთა მეათედის მოთხოვნით ან განსაკუთრებული გარემოების შემთხვევაში. 
3. გამგეობა ვალდებულია ასოციაციის ყველა წევრს არაუგვიანეს 3 კვირით ადრე წერილობით აცნობოს წევრთა საერთო კრების შეკრებისა და დღის წესრიგის შესახებ. 
4. ასოციაციის წევრთა კრება არ არის საჯარო, თუმცა წევრთა კრებას აქვს უფლება კრებაზე დასწრების ნება დართოს გარეშე მოწმეებს. 
5. ასევე დაშვებულია ასოციაციის რამოდენიმე წევრმა საკუთარი ხმის ერთ ადამიანზე დელეგირება მოახდინოს. ხმის დელეგირების შემთხვევაში წერილობით წინასწარ უნდა ეცნობის ასოციაციის წევრთა კრებას. დელეგატი შეიძლება წარმოასგენდეს არაუმეტეს 6 წევრს საკუთარი თავის ჩათვლით. 
6. ასოციაციის წევრთა კრება იღებს გადაწყვეტილებებს შემდეგ საკითხებზე: 
6.1. ასოციაციის წესდების დამტკიცება, მასში ცვლილებების და დამატებების შეტანა. 
6.2. ასოციაციის მიზნის შეცვლა ან საქმიანობის მიმართულების დამატება. 
6.3. ასოციაციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია. 
6.4. გამგეობის წევრთა არჩევა. 
6.5. ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს ჩატარებული სამუშაოს და შედეგების შეფასება. 
7. ასოციაციის საერთო კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ხდება ოქმის შედგენა, რომელიც უნდა მოიცავდეს კრების ადგილს, თარიღს, დღის წესრიგს, დამსწრეთა სიას, თავმჯდომარის და მდივნის ხელმოწერას. 

ასოციაციის მართვის ორგანოები 

1. საერთო კრებებს შორის პერიოდში ასოციაციის მართვას ახორციელებს გამგეობა. 
2. ასოციაციის გამგეობა: 
2.1.ასოციაციის გამგეობა შედგება 5 წევრისგან, რომელთა არჩევა ხდება ასოციაციის წევრთა საერთო კრებაზე 4 წლის ვადით. გამგეობის უფლებამოსილება ავტომატურად გრძელდება ამ ვადის გასვლის შემდეგაც ახალი გამგეობის არჩევამდე. 
2.2 გამგეობის წევრები ხმათა უმრავლესობით ირჩევენ გამგეობის თავჯდომარეს.​ 
3. ასოციაციის გამგეობის ფუნქციები და მოვალეობები: 
3.1. გამგეობამ უნდა შეიმუშავოს განვითარების სტრატეგიული გეგმა, დაამტკიცოს სამოქმედო გეგმა და გააკონტროლოს მათი შესრულება. წერილობით ანგარიშს შესრულებული სამუშაოების შესახებ იბარებს წელიწადში ერთხელ. 
3.2. აღმასრულებელი საბჭოს წარდგენის საფუძველზე გამგეობა ამტკიცებს ასოციაციის ორგანიზაციულ სტრუქტურასა და საშტატო განრიგს, შრომით პოლიტიკას. 
3.3. ასოციაციის გამგეობა განსაზღვრავს ასოციაციის ქონების განმკარგველ პირებს და მათ უფლებამოსილებას. 
3.4 გამგეობა ნიშნავს და ათავისუფლებს აღმასრულებელ დირექტორს, რომელიც არის ასოციაციის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი. 
3.5. გამგეობა ზედამხედველობას უწევს გრძელვადიან და მაღალბიუჯეტიან პროექტებს. 
3.6. გამგეობა ანგარიშვალდებულია ასოციაციის წევრთა კრების წინაშე. 

4. გამგეობის თავჯდომარე: 

4.1. გამგეობას ხელმძღვანელობს გამგეობის თავჯდომარე, რომელსაც არ გააჩნია წარმომადგენლობითი ფუნქცია. 
4.2. გამგეობის თავჯდომარის გადადგომის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ან მის მიერ წესდებით განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში თავჯდომარის მოვალეობას ასრულებს გამგეობის ერთ-ერთ წევრი, რომელსაც გამგეობის წევრთა შორის ირჩევს გამგეობა ხმათა უმრავლესობით. 
4.3. გამგეობის თავჯდომარე იწვევს და ხელმძღვანელობს გამგეობის კრებებს. 
4.4. გამგეობის თავჯდომარე აღმასრულებელ საბჭოსთან შეთანხმებით ადგენს დღის წესრიგს და ამზადებს განსახილველ საკითხებს, რომელთა დამტკიცება აისახება სხდომის ოქმში. სხდომის ოქმი ძალაშია თავჯდომარის და მოადგილის ხელის მოწერისთანავე. 
4.5. გამგეობის თავჯდომარე მონიტორინგს უწევს ასოციაციის საქმიანობასა და ფინანსურ ანგარიშგებას. საჭიროების შემთხვევაში იწვევს გამგეობის საგანგებო სხდომას. 
5. ასოციაციის ხელძღვანელობა: 
5.1. ასოციაციის ხელმძღვანელი/აღმასრულებელი საბჭო მოქმედებს ძირითადი პრინციპების დაცვით და აღასრულებს წევრთა კრების და გამგეობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. 
5.2. ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს ხელმძღვანელობას უწევს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. 
6. ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი: 
6.1. ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი განკარგავს ასოციაციის ფინანსებს და მატერიალურ ქონებას და პასუხისმგებელია მათ მართებულ გამოყენებაზე. 
6.2. აღმასრულებელი დირექტორი ადგენს აღმასრულებელი საბჭოს სტრუქტურას, საშტატო განრიგს, შრომით პოლიტიკას და სამოქმედო გეგმას, რომელთაც წარადგენს დასამტკიცებლად გამგეობის სხდომაზე. 
6.3. აღმასრულებელი დირექტორი მინდობილობის გარეშე წარმოადგენს ასოციაციას, როგორც სამართლებრივ ასევე ფინანსურ ურთიერთობებში. 
6.4. აღმასრულებელი დირექტორი ხელს აწერს ყველა სახის ოფიციალურ დოკუმენტს და ვალდებულია შეინახოს იგი 10 წლის განმავლობაში. 
6.5. აღმასრულებელი დირექტორი პასუხისმგებელია ასოციაციის სტრუქტურული ერთეულების გამართულ მუშაობაზე. 
6.7. აღმასრულებელი დირექტორი ანგარიშვალდებულია გამგეობის წინაშე. 
6.8. აღმასრულებელი დირექტორი უფლებამოსილია დაიქირაოს, შეაფასოს და ერთპიროვნული გადაწყვეტილებით გაათავისუფლოს თანამშრომელი. 
6.9. აღმასრულებელი დირექტორი განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში თავად ნიშნავს შემცვლელ პირს. 

ასოციაციის ლიკვიდაცია/რეორგანიზაცია 

1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 
2. ასოციაციის ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს წევრთა საერთო კრება. 
3. წევრთა კრების გადაწყვეტილება ასოციაციის ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ უნდა დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. ლიკვიდაციის პროცესი დაწყებულად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან. 
4. ლიკვიდაციის პროცესში ხდება მიმდინარე და აღებული ვალდებულებების შესრულება და დარჩენილი ქონების გადაცემა მსგავსი მიზნებისა და საქმიანობის სხვა არასამეწარმეო იურიდიულ პირზე. 
5. წევრთა კრების გადაწყვეტილებას ასოციაციის ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ უნდა დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. ლიკვიდაციის პროცესი დაწყებულად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან. 
6. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილ პირებს განსაზღვრავენ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წევრთა კრება. 
7. აკრძალულია ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლებს, წევრებს, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის. 
8. თუ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლებმა არ განსაზღვრეს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილი პირი, სასამართლო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილ ქონებას გადასცემს შესაბამისად ერთ ან რამდენიმე არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომლებსაც აქვთ იგივე ან მსგავსი მიზნები, როგორიც ლიკვიდირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულპირს. თუ ასეთი ორგანიზაციები არ არსებობს ანშ ეუძლებელია ასეთი ორგანიზაციების გამოვლენა, მაშინ შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ამ ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ. სასამართლომ ქონება შეიძლება გაანაწილოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციიდან 6 თვისშემდეგ. 
9. ლიკვიდაციას ახორციელებს ხელმძღვანელობის უფლებამოსილების მქონე პირი (პირები) ან კანონით დადგენილი წესით დანიშნული ლიკვიდატორი. ლიკვიდატორი პასუხს აგებს, როგორც ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი. 

დასკვნითი დებულებები: 

1. თუ ამ წესდების რომელიმე დებულება ბათილად იქნა ცნობილი, ეს გავლენას არ მოახდენს წესდების სხვა დებულებების ნამდვილობაზე. 
2. ამ წესდებასა და საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას შორის არსებული შეუსაბამობის შემთხვევაში მოქმედებს კანონი.

ჩვენი გუნდი
წესდება
სტრატეგია
საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია