პროექტის „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის“ ფარგლებში, მუხურის ქალთა საბჭოს ინიციატივით, ადგილობრივი მოსახლეობისათვის, განსაკუთრებით კი ქალებისა და გოგონებისათვის, სამდღიანი ტრენინგები ჩატარდა, რომელსაც საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია უძღვებოდა. სასწავლო კურსის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია საფეხმავლო გამყოლის პროფესიასთან დაკავშირებით და ეკოტურიზმის ძირითად ფასეულობებზე.
11-12 მარტს, ტრენინგის მთავარი თემა იყო საფეხმავლო გიდების მომზადება. მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს ლაშქრობის, როგორც ტურიზმის სახეობის, საფეხმავლო გამყოლი გიდის პროფესიისა და მისი აღჭურვილობის, საფეხმავლო ტურის ჩატარების შესაძლო ადგილმდებარეობის დადგენისა და მარშუტის დაგეგმვის სანავიგაციო ხელსაწყოების გამოყენების შესახებ. ასევე, ტრენინგზე განიხილეს ლაშქრობისას არსებული რისკების, მათი მართვისა და კვების უსაფრთხოების საკითხები.
13 მარტს, ტრენინგი გაგრძელდა თემით – ქალთა შესაძლებლობების გაძლიერება და შემოსავლის ზრდა ტყის მდგრადი და მრავალფუნქციური გამოყენების გზით. ტრენინგზე განხილული იყო ეკოტურიზმის, განსაკუთრებით კი – ტყის ტურიზმის მნიშვნელოვანი მიმართულებები, ასევე, ქალების როლი და შესაძლებლობები ეკოტურისტული პროდუქტების შექმნასა და განვითარებაში.
მუხურის ქალთა საბჭო ინიციატივის ფარგლებში გეგმავს ადგილობრივი ქალების მხარდასაჭერად ღონისძიებების სერიას. მათ შორის ტრენინგებს, სასერთიფიკატო კურსს, სემინარებს და სასწავლო ვიზიტებს თემაზე მწვანე მეწარმეობის ხელშეწყობა, ფორმალური რეგისტრაციის მნიშვნელობა, ციფრული უნარების გაუმჯობესება, საოჯახო სასტუმროს საქმე, სასტუმროს ადმინისტრირება და მენეჯმენტი.
ქალთა საბჭოები შეიქმნა პროექტის „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდჭერით. ქალთა საბჭოების მიზანია სოფლად მცხოვრები ქალების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერა ტყის არამერქმნული რესურსების მდგრადი, სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობის გზით და მათი ჩართულობის გაზრდა ტყის მდგრადი მართვის და სოფლის განვითარებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში.
სტატიის ავტორი @CENN