ა(ა)იპ საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ და „უცხოური აგენტის აქტის რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტებთან დაკავშირებით

ა(ა)იპ საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია მიიჩნევს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ და „უცხოური აგენტის აქტის რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტები ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციის კურსს. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს არ დაუჭიროს აღნიშნული კანონპროექტების მიღებას მხარი.

მეტი სიცხადისთვის გვსურს მოკლედ გაგაცნოთ საქართველოს ეკოტურიზმის საქმიანობა და ამ ჭრილში დავანახოთ საზოგადოებას, თუ რა კონკრეტული ზიანი შეიძლება მოუტანოს აღნიშნულმა კანონპროექტების მიღებამ ქვეყანას კონკრეტული კუთხით.

ჩვენი გუნდი მუდმივად ეძებს საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების საგრანტო კონკურსებს და ხშირად თავად მიდის მათთან სხვადასხვა პროექტის განხორციელების იდეით. ყველა ეს პროექტი მიმართულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, გარემოს კონსერვაციის და მათი მდგრადი განვითარებისკენ. ყველა ამ პროექტის ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი გათვალისწინებულია სწორედ აღნიშნული აქტივობებისთვის და მინიმალურია ადმინისტრაციული ხარჯების წილი (ეს მოთხოვნა უმეტესად თავად დონორ ორგანიზაციებს აქვთ). სწორედ დონორი ორგანიზაციების დაფინანსებული ასეთი პროექტების საშუალებით საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციამ შეძლო დახმარებოდა ისეთი ტიპის მცირე ბიზნესებს, როგორებიც არის: საოჯახო სასტუმროები, საოჯახო კვების ობიექტები, ღვინის მარნები, ტრადიციული რეწვის ოსტატები, სოფლის ტურიზმის ობიექტები, ადგილობრივი გიდები და სხვ.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ქვეყნის მასშტაბით მოკვლეული, დაპროექტებული და ინფრასტრუქტურულად გამართული ეკოტურისტული მარშრუტები, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისთვის გადაცემული ეკოტურისტული რესურსების კვლევები და სტრატეგიული განვითარების მრავალი დოკუმენტი.

აღნიშნული კანონის მიღების შემთხვევაში საფრთხე შეექმნება მსგავსი ტიპის საგრანტო პროექტებს, ყველას, ვინც წლების განმავლობაში სარგებლობდა სხვადასხვა პროექტის დაფინანსებით, შესაბამისად შეიზღუდება ჩვენი ასოციაციის მსგავსი ორგანიზაციების საქმიანობა, რისი ნათელი მაგალითიც გვაქვს ბელორუსში ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის ლიკვიდაციის სახით.

პ.ს. რაც შეეხება საქმიანობის გამჭვირვალობას აქვე გიზიარებთ ბმულს სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს უმარტივესად შეუძლია იხილოს ჩვენი მიერ განხორციელებული ყველა პროექტი, შესაბამისი დონორი ორგანიზაციის მითითებით და პროექტის ბიუჯეტით: https://ecotourism.ge/1318-2/

პატივისცემით,
ააიპ საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის გუნდი