საქართველოში მოქმედი ბიზნეს ასოციაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ პარტია “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები 2028 წლამდე. სხვა ბიზნეს ასოციაციებთან ერთად განცხადებას უერთდება ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი და შესაბამისად საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციაც, როგორც საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის თანადამფუძნებელი ორგანიზაცია.
განცხადება
,,კატეგორიულად არ ვეთანხმებით ქართული ოცნების ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადთან დაკავშირებული მოლაპარაკებები 2028 წლამდე. ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება ქმნის დიდ რისკს, რომ საქართველომ ხელიდან გაუშვას ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობის ფანჯარა, რაც რეგიონში ბოლოდროინდელი გეოპოლიტიკური ცვლილებების შედეგად წარმოიშვა. გუშინდელი გადაწყვეტილება ძირს უთხრის მთელი საზოგადოების მიერ ათწლეულების მანძილზე გაწეულ სამუშაოს და წარმოადგენს ბოლო თვეების მანძილზე ევროკავშირთან ურთიერთობების გაუარესების პროცესის კულმინაციას. ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილება გამოიწვევს საქართველოს კიდევ უფრო მეტ იზოლაციას დასავლელი პარტნიორებისაგან. ეს პარტნიორობა კი არის უმნიშვნელოვანესი ქვეყნის ეკონომიკის, დემოკრატიისა და უსაფრთხოებისათვის. ჩვენ, როგორც ბიზნეს ასოციაცია, კარგად ვაცნობიერებთ იმ ეკონომიკურ გავლენას, რაც ამ ცვლილებას შესაძლოა ჰქონდეს. მოკლევადიან პერიოდში, ამ პოლიტიკას ექნება მნიშვნელოვანი ნეგატიური ეკონომიკური გავლენა და შესაძლოა გამოიხატოს საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეწყვეტაში, რაც უარყოფითად აისახება ოჯახების უდიდეს რაოდენობაზე. უფრო გრძელვადიან პერიოდში, ზეგავლენა კიდევ უფრო ხელშესახები იქნება. თითოეულ კანდიდატ ქვეყანაში, ევროკავშირში გაწევრიანების შედეგად, დაფიქსირდა მნიშვნელოვანი ზრდა როგორც ინვესტიციების, ისე ვაჭრობის კუთხით. ამან უმნიშვნელოვანესი შედეგები აჩვენა, მოქალაქეთა კეთილდღეობის გაუმჯობესების და შვილებისა და შვილიშვილების თაობისთვის შესაძლებლობების ზრდის კუთხით. ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარის თქმით, საქართველო რისკავს ხელიდან გაუშვას თავისი მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესების შესაძლებლობა. ევროპულ ოჯახში მართებული დაბრუნება მრავალი თაობის მოქალაქის ისტორიული არჩევანია, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით. ამ გზის უარყოფა ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობის სურვილს. ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი, რომელიც მიგვაჩნია ქვეყნის მდგრადი განვითარების, კეთილდღეობისა და გრძელვადიანი სტაბილურობის გარანტად.”