ბალიშა ლავები შეიცავს დამახასიათებელ ბალიშის ფორმის სტრუქტურებს, რომლებიც წარმოიქმნება ლავის ექსტრუზიისას წყალქვეშ. ბალიშა ლავები ძირითადად ბაზალტური შემადგენლობითაა, თუმცა ცნობილია კომატიტის, პიკრიტის, ბონინიტის, ბაზალტის ანდეზიტის, ანდეზიტის, დაციტის ან თუნდაც რიოლითისგან წარმოქმნილი ბალიშები. ზოგადად, რაც უფრო მჟავეა მაგმური ქანის შედგენლობა, მით უფრო დიდია ბალიშები, რასაც განაპირობებს ამოფრქვეული ლავის სიბლანტის ზრდა.
ბალიშების წარმოქმნა ხდება დენადი ლავის გარე ზედაპირის წყალთან შეხებით გამოწვეული სწრაფი გაციებით. ქანი შესანიშნავი იზოლატორია და ამიტომ ზემოთ აღნიშნული (სწრაფი გაციებით წარმოქმნილი) ქერქის/გარსის/არშიის შიგნით ლავა მდნარ მდგომარეობასა და დენადობას ინარჩუნებს. გავარვარებული ლავის ზედაპირი ზღვის წყლის ზემოქმედებით სწრაფად ცივდება, თუმცა შიდა წნევის ზემოქმედებით ლავის გამოწბერვა გრძელდება, გაციებული მყარი გარსი/ქერქი/არშია იბზარება და ქმნის ენას, რომელიც თანდათან განიცდის დაგრძელებას (როგორც სიგარა) და გაბერვას (ივსება ლავით). ეს პროცესი გრძელდება მანამ, სანამ მაგმის წნევა არ გახდება საკმარისი გარსის/ქერქის გასარღვევად. შედეგად წარმოიქმნება ამონთხევის ახალი კერა. ამ პროცესის შედეგად წარმოიქმნება ურთიერთდაკავშირებული ენების (სიგარის) ფორმის მთელი წყება, რომელთაც განივკვეთში ბალიშის ფორმები აქვთ. ბალიშის ფორმები მრავალგვარია – სფერული ამობურცული ფორმის ბალიშები, დაპრესილი/შეჭეჭყილი ბალიშები, წაგრძელებული და მილისებრი ბალიშები. ხმელეთზე სამგანზომილებიანი ექსპოზიციის დროს, ბალიშები ჩვეულებრივ შედგება ერთმანეთთან დაკავშირებული მილებისაგან. მათი დიამეტრი განსხვავდება რამდენიმე ათეული სანტიმეტრიდან რამდენიმე მეტრამდე, ტიპური ზომებით 0,5-1 მ.