9 სატალაოს გამოქვაბულები

  შუა ეოცენის გეოლოგიური  პერიოდის ბაზალტური ბალიშა ლავები 

 

 გამოქვაბულების კომპლექსი რამდენიმე სართულადაა განაწილებული და რამდენიმე გამოქვაბულს მოიცავს. იგი გამოკვეთილია შუა ეოცენის გეოლოგიური  პერიოდის ბაზალტურ ბალიშა ლავებში. 

ბალიშა ლავები ერთმანეთზე მორგებული ბალიშისებრი, სფერული, ელიფსოიდური და სხვა მსგავსი ფორმის მაგმური სხეულების დაზვავების შედეგად წარმოშობილი მაგმური სხეულებია. იგი შეკავშირებულია მეორეული პროდუქტებით ან დანალექი მასალით.  ბალიშა ლავა წარმოიშობა ვულკანის წყალქვეშა ამონთხევის ან წყალში ხმელეთიდან ლავის ჩადინების დროს. წყალში მოქცეული ლავის ნაკადი გამყარებამდე ნაწევრდება ცალკეულ გიგანტურ წვეთებად (რამდენიმე სანტიმეტრიდან 2 მეტრამდე და ზოგჯერ მეტიც), რომლებსაც გარს აკრავს ორთქლის პერანგი. ამ სახით აწონად მდგომარეობაში გადაადგილდება აუზის ფსკერზე და წარმოშობს ბალიშა ლავის დაზვავებას. ბალიშა ლავები როგორც წესი ბაზალტური ან ანდეზიტურია. სატალაოს შემთხვევაში იგი ბაზალტური ტიპისაა. გვხვდება სხვადასხვა ასაკის ფორმაციებში. ბალიშა ლავის ნაკადები წარმოიქმნება წყალქვეშა ვულკანების კალთებზე, განსაკუთრებით რიფტულ ზონებში. ფორები და მცირე სივრცეები ამოვსებულია კალციტით, არაგონიტით, ქალცედონითა და სხვა.

ურავლის ხეობაში მდებარე სატალაოს გამოქვაბულები ისტორიულ წარსულში ხეობაში მიმავალი მოგზაურებისთვის სადარაჯო დანიშნულებით გამოიყენებოდა (“ტალა“მოგზაურთა ღამის სადარაჯოს ნიშნავს).