პროექტის „ტვიშისა და ხვანჭკარას მიკროზონებში მწვანე ტურიზმის ხელშეწყობა კომპლექსური ტურისტული პროდუქტის შექმნის გზით“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია, სლოვაკეთის რესპუბლიკის განვითარების ოფიციალური დახმარების პროგრამის დაფინანსებით, სლოვაკეთი-საქართველოს სავაჭრო პალატასთან და Regional Development Agency Senec-Pezinok (RDA SP)-თან პარტნიორობით, აპრილის პირველ ნახევარში განხორციელდა საველე გასვლა ხვანჭკარისა და ტვიშის მიკროზონებში წინასწარ შერჩეულ არეალებში ტურისტული მარშრუტების მოკვლევის მიზნით.
ექსპედიციის ფარგლებში მოხდა ხვანჭკარის მიკროზონის სოფლებში საორიენტაციო მარშრუტების შესწავლა, რომლებიც მოიცავს სოფლებში არსებულ ვენახებს, ღვინის მარნებს და ტურისტული მომსახურების მიმწოდებლებს. შესწავლილ იქნა სოფლების: წესის, კრიხის, ძირაგეულის, სადმელის, ჯვარისას, ხვანჭკარის და მიკროზონის სხვა სოფლების როგორც შიდა მცირე მარშრუტების, ისე მათი დამაკავშირებელი მიმართულებები.
ხვანჭკარის მიკროზონის მოკვლევის გარდა, პოტენციური მარშრუტების კვლევა განხორციელდა ტვიშის მიკროზონაშიც. გეოგრაფიული თავისებურებებიდან გამომდინარე პოტენციურად საინტერესო აღმოჩნდა უშუალოდ სოფელ ტვიშის არეალში არსებული მარშრუტი.
ექსპედიციის წევრების მიერ მოხდა პოტენციური მარშრუტების არეალის დრონით და ფოტოაპარატით გადაღება, GPS მონაცემების აღება, ადგილობრივ სერვისის მიმწოდებლებთან შეხვედრა და მათი მოსაზრებების მოსმენა პოტენციურ მარშრუტებთან დაკავშირებით.
სულ საველე ექსპედიციის ფარგლებში ხვანჭკარისა და ტვიშის მიკროზონებში მოკვლეულ იქნა ღვინის 10 პოტენციური მარშრუტი.
ამჟამად მიმდინარეობს ექსპედიციისას შეგროვილი მასალების დამუშავება და ღვინის მარშრუტების საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება..