გვსურს, გამოვახატოთ საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის პოზიცია „წალკის კანიონთან“ დაკავშირებით:
პირველ რიგში, აღვნიშნავთ, რომ ჩვენი ორგანიზაცია მიესალმება ტურიზმის მიმართულებით საქართველოში განხორციელებულ ისეთ ინვესტიციებს, რომელიც ადგილობრივთა დასაქმებას და მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. თუმცა, როდესაც ეკოტურისტულ პროექტებზეა საუბარი, მხოლოდ ეს კომპონენტი საკმარისი არ არის.
საქართველოს ეკოტურიზმის სტრატეგია 2020-2030-ის მიხედვით – „ეკოტურიზმი არის მოგზაურობა, ტურისტული აქტივობები და სერვისები, რომელიც ორიენტირებულია დაცულ ტერიტორიებზე და მის გარეთ ბუნებისა და ცოცხალი კულტურის შენარჩუნებასა და გამოცდილებების მისაღებად სათანადო პირობების შექმნაზე ადგილობრივი მოსახლეობისა და ქვეყნის სასარგებლოდ“.
აღნიშნული განმარტებიდანაც ჩანს, რომ ეკოტურიზმის მთავარი მიზანი ბუნებისა და ცოცხალი კულტურის შენარჩუნებაა, რაც წალკის კანიონის შემთხვევაში სრულად იგნორირებულია.
მოწყობილმა ინფრასტრუქტურამ, ერთი მხრივ შენარჩუნების ნაცვლად სრულად შეცვალა არსებული ბუნებრივი ლანდშაფტის გარეგნული მხარე, ხოლო მეორე მხრივ მასში საერთოდ არ იქნა გათვალისწინებული ცოცხალი კულტურის კომპონენტი. შესაბამისად დაცული ტერიტორიების სააგენტოს მხრიდან ამ კონკრეტული ინვესტიციის „უნიკალურ ეკოტურისტულ სივრცედ“ წარმოჩენა შეუსაბამობაში მოდის თავად ეკოტურიზმის არსთან და მის ძირითად პრინციპებთან.
ეკოტურიზმიდან საკმაოდ შორს იყო ობიექტის გახსნის ღონისძიებაც, რომელიც მასშტაბური ფეიერვერკით დასრულდა, რაც ასევე წინააღმდეგობაშია, როგორც ეკოტურიზმთან, ისე დაცულ ტერიტორიებთან.
აქვე იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალში მსგავსი ტიპის პროექტები აუცილებლად განხორციელდება დაინტერესებული მხარეების აქტიური მონაწილეობით და ეკოტურიზმის პრინციპების სრული დაცვით.