გეოლოგიური წერტილი წარმოდგენილია, ოხერას ნასოფლარით, ოხერას ტაძრით და ბაზალტური შედგენილობის ბალიშა ლავებისგან აგებული კლდით.
ბალიშა ლავები ერთმანეთზე მორგებული ბალიშისებრი, სფერული, ელიფსოიდური და სხვა მსგავსი ფორმის მაგმური სხეულების დაზვავების შედეგად წარმოშობილი მაგმური სხეულებია. იგი შეკავშირებულია მეორეული პროდუქტებით ან დანალექი მასალით. ბალიშა ლავა წარმოიშობა ვულკანის წყალქვეშა ამონთხევის ან წყალში ხმელეთიდან ლავის ჩადინების დროს. წყალში მოქცეული ლავის ნაკადი გამყარებამდე ნაწევრდება ცალკეულ გიგანტურ წვეთებად (რამდენიმე სანტიმეტრიდან 2 მეტრამდე და ზოგჯერ მეტიც), რომლებსაც გარს აკრავს ორთქლის პერანგი. ამ სახით აწონად მდგომარეობაში გადაადგილდება აუზის ფსკერზე და წარმოშობს ბალიშა ლავის დაზვავებას. ბალიშა ლავები როგორც წესი ბაზალტური ან ანდეზიტურია. ოხერას შემთხვევაში იგი ბაზალტური ტიპისაა. გვხვდება სხვადასხვა ასაკის ფორმაციებში. ბალიშა ლავის ნაკადები წარმოიქმნება წყალქვეშა ვულკანების კალთებზე, განსაკუთრებით რიფტულ ზონებში. ფორები და მცირე სივრცეები ამოვსებულია კალციტით, არაგონიტით, ქალცედონითა და სხვა.
ნასოფლარი ოხერა მდებარეობს მდ.ურავლის და მდ.მტკვრის შესართავის სუახლოვეს მაღალ გორაზე. მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო გზის ჭრილში ჩანს მძლავრი კულტურული ფენა და დიდი ზომის რიყის ქვით ნაგები კედლის ნაშთი. იქვე ჭრილის გაყოლებაზე ჩამოშლილ მიწაში გვხვდება დიდი რაოდენობით კერამიკული მასალა.
ოწერას ტერიტორიაზე გვხვდება წმ. გიორგის სახელობის ტაძარი, რომელიც ნაგებია კარგად გათლილი ტუფის ქვისა და კლდის ფლეთილი ქვისაგან. ეკლესიის საპირე ქვად გამოყენებულია ღვინის ფერი ქვის ფილები. გადახურულია ლორფინით. ეკლესიაში შესასვლელი კარი გაჭრილია დასავლეთ კედელში. ეკლესიის შიდა სივრცე ნათდება ოთხივე კედელში გაჭრილი თითო სარკმლით. იატაკი მოგებულია ქვის ფილებისგან. კანკელი თანამდეროვეა და ხის მასალისგანაა გაკეთებული. ეკლესია რესტავრირებულია.