კუს ტბის შემეცნებითი მარშრუტი

კუს ტბის მიმდებარე ტყე ბუნებისა და ქალაქის საინტერესო შეხვედრის ადგილია. მარშრუტზე სეირნობისას შეძლებთ, დააკვირდეთ სხვადასხვა ტიპის ტყესა და ბუჩქნარს, გაეცნოთ მათ ცვლილებებს და საკუთარი თვალით ნახოთ, როგორ გარდაიქმნება ბუნებრივი გარემო დროთა განმავლობაში.

ბილიკი განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვისაც სურს გაიგოს, როგორ აღდგება ან იცვლება ტყე, რა კვალს ტოვებს ადამიანის საქმიანობა და როგორ ვითარდება ბუნებრივი ეკოსისტემები. გზად შეხვდებით როგორც შედარებით ბუნებრივ, ისე დეგრადირებულ და მეორად მცენარეულ საფარს, რაც მარშრუტს ბუნების ცოცხალ ლაბორატორიად აქცევს.

მარშრუტი წრიულია და კუს ტბის ჩრდილო-დასავლეთ ნაპირთან იწყება. თავდაპირველად ბილიკი დასავლეთისკენ მიემართება და მცირე აღმართის შემდეგ ტყეში შედის. ტყის საფეხმავლო ბილიკი თანდათან ადის კუს ტბის სერის თხემზე, საიდანაც ფართო ხედი იშლება კუს ტბაზე, ტყიან ფერდობებსა და თბილისზე.

თხემის შემდეგ მარშრუტი კვლავ ტყეში გრძელდება და დაღმართით კუს ტბისკენ ეშვება. ბილიკი ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაპირთან სრულდება.